შეფასებები

profile-image

ლექსო ლაგვილავა

ქირურგი
„ლელიანი“ ამგვარი ტიპის პირველი დაწესებულებაა ქვეყანაში და მივესალმები ამ საოცარი სახლის გახსნას. ეს არის ადგილი, სადაც ხანდაზმულებს კომფორტული, მეგობრული და მზრუნველი ოჯახური გარემო დახვდებათ. ასეთი სახლის არსებობა მრავალი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. მაგალითად, თუ ოჯახში მოხუცია და საზღვარგარეთ სასწავლებლად ან დასასვენებლად გიწევს გამგზავრება, შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოს – უნდა მოძებნო სანდო მზრუნველი, რომელსაც ხანდაზმულს დაუტოვებ ან საერთოდ გადადო წასვლა. ასეთ შემთხვევაში „ლელიანს“ მშვიდად ანდობ როგორც მოხუცებულს, ისე უფრო ახალგაზრდა ასაკის ადამიანსაც, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მარტო ყოფნა არ შეუძლია და მზრუნველი ესაჭიროება. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახის ყველა წევრი მუშაობს, ყველა დაკავებულია და ამ დროს სახლში მოხუცი მარტო რჩება. ზოგიერთ მათგანს მარტოობის შიში აქვს, ზოგს რაიმე დახმარება, ელემენტარულად წნევის გაზომვა სჭირდება, ზოგს კი, უბრალოდ, ხმის გამცემი უნდა გვერდით. ასეთ დროს თამამად შეგიძლია მიმართო „ლელიანს“, სადაც ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის აუცილებელი ყველა პირობაა უზრუნველყოფილი. პირველ რიგში კი ესაა ჯანსაღი სოციალური გარემო, რაც არა მხოლოდ ხანდაზმულისთვის, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა მნიშვნელოვანი“.
profile-image

ლია ორკოდაშვილი

მოსამართლე
„ხანდაზმულთა სახლ „ლელიანის“ შექმნა ძალიან მახარებს. ბრწყინვალე იდეაა, ვინაიდან ეს არის შესაძლებლობა, ადამიანებმა გააგრძელონ სოციალიზაცია, ურთიერთობა და ცხოვრება“.
profile-image

ნოდარ ჟვანია

მუსიკოსი
„ევროპაში ცხოვრების პერიოდში არაერთხელ დამიკრავს კონცერტი ხანდაზმულთა სახლში. ეს მაღალი დონის დაწესებულებები იყო, სადაც მოხუცებულთა მიმართ პატივისცემა და მათზე ზრუნვა იგრძნობოდა. მივესალმები ასეთი სახლის გახსნას“.
profile-image

ნანა ტატიშვილი

ნევროლოგი
„ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს მაღალი სტანდარტის ხანდაზმულთა სახლი. შეიძლება მოდიოდნენ შენთან შვილები, შვილიშვილები, არაფერს გაკლებდნენ, გეფერებოდნენ, თუ საჭიროა და საშუალება აქვთ დამხმარე ადამიანის ანაზღაურებას გიხდიდნენ, მაგრამ სასაუბროდ, დისკუსიისა და აზრების გაცვლისთვის არავის სცალია. ადამიანების უმრავლესობას კომუნიკაციის დეფიციტი აქვს, ასეთი სახლი კი გაძლევს შესაძლებლობას, იყო შენს თანატოლებთან, თანამოაზრეებთან ერთად, შეძლო მათთან ურთიერთობა და სოციალიზაცია, რაც გაცილებით უკეთესია“.
profile-image

ვლადიმერ გუცაევი

ფეხბურთელი
„ამგვარი სახლის არსებობა აუცილებელია. ჰოლანდიაში ვნახე ამ ტიპის დაწესებულება და ძალიან მომეწონა. ერთიანი კომპლექსი იყო, 4-5 სამსართულიანი შენობა. გარედანაც კარგად ჩანდა, როგორ კომფორტულად იყო ყველაფერი მოწყობილი. ადამიანი ასაკში რომ შედის და 80-85 წლის ხდება მეგობრები და ახლობლები ნაკლებად ჰყავს, მარტოა, ამიტომ, თუ ხანდაზმულები ისეთ სიტუაციაში მოხვდებიან, სადაც მოუვლიან, სადაც თანატოლებს გაიცნობენ და გაესაუბრებიან, მათთან საერთო ინტერესებს გამონახავენ, რა თქმა უნდა, მათი ცხოვრება უფრო სახალისო ხდება. ამ საქმეს მხოლოდ მივესალმები“.
profile-image

ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი
„ძალიან მოხიბლული ვარ იმ არაჩვეულებრივი გარემოთი, რაც „ლელიანში“ დამხვდა. „ლელიანი“ შესანიშნავი სივრცეა იმისთვის, რომ ადამიანი გვიან დაბერდეს და ახლავე ავხსნი, რას ვგულისხმობ: დაბერება მხოლოდ ბიოლოგიური პროცესი არ არის. არსებობს ფსიქოლოგიური დაბერებაც და, ამ შემთხვევაში, სწორედ ამაზე გავამახვილებ ყურადღებას. ბიოლოგიური ასაკი ყველა ჩვენგანს ერთნაირად ემატება. მართალია, თავის ასაკთან შედარებით, ზოგი შეიძლება უკეთ გამოიყურებოდეს, ზოგიც – ნაკლებად, მაგრამ, ნაოჭების რაოდენობის მიუხედავად, ბიომარკერებით ჩვენ ერთნაირად ვბერდებით. მაგალითად, ერთსა და იმავე პერიოდში გვაქვს პუბერტატი, ერთ ასაკში გვეწყება მეორე გარდატეხის პერიოდი და ა.შ. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ დაბერებას: ფსიქოლოგიური ასაკი დიდწილად განპირობებულია იმ სოციალური სხეულის შენარჩუნებით, რომელიც გვასტიმულირებს. სოციალური სხეული კი მეგობრებთან, თანატოლებთან ურთიერთობაა. მათთან ხან კონფლიქტი გვაქვს, ხან ბედნიერები ვართ, ხან – ნაწყენები, ვსაუბრობთ, ვიცინით, ვთამაშობთ თამაშებს, რომლებსაც ჩვენი თაობა თამაშობდა. სწორედ ეს გვეხმარება სოციალური სხეულისა და, შესაბამისად, ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. არ არის აუცილებელი, ადამიანი მაინცდამაინც დაავადებული ან მოსავლელი იყოს „ლელიანში“ რომ მოვიდეს. აქ უბრალოდ სოციალიზაციისთვისაც შეიძლება ყოფნა. მეორე საკითხია ის, რომ თუ ხანდაზმულს სამედიცინო საჭიროებები აქვს, პროფესიულ მოვლას ოჯახის წევრი ვერ ჩაუნაცვლებს. რაც უნდა კარგად ზრუნავდნენ მასზე ოჯახის თუნდაც ყველაზე გულმხურვალე და გულთბილი წევრები, მოვლის ხარისხი სულ სხვაა, როცა ამას პროფესიონალი აკეთებს. „ლელიანი“ ამგვარი შემთხვევებისთვისაც შეუცვლელია“.