შეფასებები

profile-image

ნათია სართანია

„ლელიანის“ მობინადრის, მაია იაშვილის, შვილი
„2025 წლის გაზაფხულზე დედას ვასკულარული პარკინსონიზმი დაუდგინდა. ოჯახის წევრების მობილიზაციისა და 24/7 ზრუნვის მიუხედავად, უკუსვლა კოსმოსური სისწრაფით ვითარდებოდა. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სრულიად მოწყვეტილი იყო და მუდმივად ტკივილი ტანჯავდა. არცერთი საავადმყოფო არ იღებდა. ფაქტი სახეზე იყო: სახლში თუ დავტოვებდით, ხელიდან გამოგვეცლებოდა. მე და ჩემი ძმა ერთადერთ კითხვას ვუსვამდით ჩვენს თავს: – რა სჯობს მაიასთვის? ყველა სხვა ფიქრი მეორეხარისხოვანი იყო. გაგვიმართლა და მეგობარმა „ლელიანი“ გვირჩია. მოსვლისთანავე ჩამესახა იმედი, რომ აქაური ზრუნვა დედას სასიკეთოდ წაადგებოდა. პირველი ორი კვირა შეგუების, წესების გაცნობის პერიოდია. ამ დროს სულ დიალოგში ხარ საკუთარ თავთან: – სწორი გადაწყვეტილება მივიღე? სწორად მოვიქეცი? ორი კვირის შემდეგ დედას შფოთი, ტკივილი და დაძაბულობა მთლიანად მოეხსნა. ეს იყო პირველი თვალსაჩინო პროგრესი, რომელმაც თავდაჯერებულობა შეგვმატა და ჩვენი არჩევანის სისწორეში დაგვარწმუნა. ახლა, ორი თვის თავზე, დედა ფეხზე დადგა და სიარულს თავიდან სწავლობს. ამხელა წინსვლის იმედი არც გვქონია, ასე რომ ჩემს კითხვას საბოლოოდ გაეცა პასუხი: – სწორი გადაწყვეტილება მივიღე! ჩვენს სიტუაციაში მყოფ ადამიანებს ვურჩევდი, გამორთონ ეგოისტური გრძნობები და იფიქრონ ერთადერთზე – რა იქნება უმჯობესი მათი ახლობლისთვის, სად უფრო უკეთესად მოუვლიან, სად იგრძნობს თავს მეტად დაცულად? „ლელიანში“ ოჯახის წევრის გადმოყვანის შემდეგ თქვენ ძველებურად აგრძელებთ ზრუნვას და ყოველდღიურად მონაწილეობთ მის ცხოვრებაში. ეს აუცილებელია. არაფერი იცვლება, უბრალოდ, აქაურობა ხდება თქვენი ახალი სახლი და ოჯახი. „ლელიანს“ მზრუნველი, სოლიდარობით აღსავსე, მუსიკალური ადამიანები ქმნიან. მათი მოღიმარი, სიყვარულითა და პატივისცემით განათებული სახეები ყველაზე დიდი იმედის მომცველია. „ლელიანი“ ცხოვრების დაბრუნებაა“.
profile-image

ნათია ბანძელაძე

„ლელიანის“ მობინადრის, იოსებ გოგიჩაიშვილის, რძალი
„ჩემი სოსიკო“ „ლელიანში“ შემოსვლისთანავე „სოსიკო“ გახდა აქაურებისთვისაც. მისთვის მამამთილის დაძახება არ მინდა, არ მიყვარს ეს სიტყვა, რადგან თითქოს გამოცლილი აქვს მთავარი ენერგია და საერთოდ არ გამოხატავს შინაარსს, მნიშვნელობას... ამიტომაც ის უბრალოდ „ჩემი სოსიკოა“, ჩემი გოგიჩას მამა. მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდის გახსენება ძალიან ემოციურია ჩემთვის. „ლელიანში“ მოსვლამდე დიდი გზა გავიარეთ: კლინიკა, შიში, იმედი, ისევ იმედგაცრუება და სასოწარკვეთა, როცა გავაცნობიერეთ, რომ ვეღარაფერს შევცვლიდით. ამ დროს შემოიპარა ჩუმი ფიქრები „ლელიანზე“. ეს აზრი ოჯახში ხმამაღალ მსჯელობად მას შემდეგ გარდაიქმნა, რაც კიდევ უფრო ღრმად გავაანალიზეთ სიტუაცია და ემოციების გარეშე შევხედეთ ჩვენსა და სოსიკოს გამოუვალ მდგომარეობას. ერთადერთი გამოსავალი „ლელიანი“ იყო. იქ მივიღებდით იმას, რაც ყველას ასე გვჭირდებოდა: პროფესიონალების დახმარება, უსაფრთხოების შეგრძნება, სპეციალისტების მუდმივი ზრუნვა და პროცესის სრული კონტროლი. ეს იყო სასოწარკვეთის დროს გაჩენილი ერთადერთი იმედის კუნძული, რომელსაც მშვიდად მივანდობდით საყვარელ ადამიანს. სიმშვიდე კარის შეღებისთანავე მოვიდა და „ლელიანი“ თითოეული ჩვენგანის თავშესაფარი გახდა. შიშები სხვა ემოციებმა ჩაანაცვლა. ვიცოდით, რომ მასზე ისე იზრუნებდნენ, როგორც, დიდი სურვილის მიუხედავად, შეიძლება ჩვენც ვერ გვეზრუნა. რა დამავიწყებს იმ მომენტს, როცა სოსიკოს, რომელსაც არაფრის გამოხატვა აღარ შეეძლო, „ლელიანის“ გოგოების სიყვარულით ჩაძახილ „სოსიკოზე“ თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა. თითქმის უგრძნობ მდგომარეობაში მყოფი, სითბოთი სავსე გამხნევებაზე – „როგორი ყოჩაღი ბრძანდებით“ – ყოველ ჯერზე იკრებდა ძალას, რომ რაიმე ნიშნით მაინც ეგრძნობინებინა მადლიერება. ექთნები – „ლელიანის“ ანგელოზები. დაუღალავი ფუტკრები, რომლებიც მთელი გულით უვლიან და ეხმარებიან პაციენტს. ყველაფერი შეუძლიათ ყურადღებით დაწყებული, ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციით დამთავრებული. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე ზრუნვისას ხშირად გვგონია, რომ მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ აქაურ გოგოებს ბევრად მეტი შეუძლიათ. ასეთ დროს ავადმყოფს მხოლოდ სიყვარული არ შველის. მას სრული მომსახურება სჭირდება: სამედიცინო ზედამხედველობა, უსაფრთხოება, სოციალიზაცია. სანამ NATO-ში შევალთ, თქვენი უსაფრთხოების ქოლგა „ლელიანია“! ეს ხუმრობით, უფრო სერიოზულად კი, ეს ადგილი გჩუქნით სიმშვიდეს, რომ ოჯახის წევრი სახლიდან კი არ გაგიშვიათ, სიყვარულის კუნძულზე ამოგზაურებთ. და მასთან ერთად თქვენც მოგზაურობთ „ლელიანის“ თავგადასავლებით სავსე კუნძულზე“.
profile-image

ეკა დუჩიძე

„ლელიანის“ მობინადრის, ნუგზარ დუჩიძის, შვილი
„მამას დემენციის ბოლო ფაზა ჰქონდა, როდესაც სახლში დამხმარე მოვიყვანეთ. ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი წელიწადზე მეტი გვეხმარებოდა, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე მდგომარეობა დამძიმდა. მივხვდით, რომ უკვე პროფესიონალი ექთნების მუდმივი ჩართულობა და სამედიცინო დაკვირვება იყო საჭირო, რასაც სახლის პირობებში ვერ უზრუნველვყოფდით. ექიმებმაც განგვიმარტეს, რომ ამ მდგომარეობაში მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. იმ ადგილის შერჩევისას, სადაც მამა კომფორტულად იგრძნობდა თავს, ძირითადი ფაქტორი პროფესიონალიზმი და ზოგადი ატმოსფერო იყო. არჩევანი „ლელიანზე“ შევაჩერეთ და თანამშრომლებთან გასაუბრების შემდეგ ზუსტად ვიცოდით, რომ სწორ გზაზე ვიდექით. თავიდან გადაწყვეტილების მიღება გაგვიჭირდა. ოჯახშიც ვერ ვთანხმდებოდით. თანაც, ასეთ დროს, მით უფრო, ჩვენს რეალობაში, იმაზეც გვეფიქრებოდა, თუ რას იტყოდა ხალხი. მაგრამ ამ ყველაფერზე მაღლა იდგა სურვილი, რომ მამის სიცოცხლის თითოეული დარჩენილი დღე ყოფილიყო მშვიდი როგორც მისთვის, ისე – დედისთვის, რომელიც შვიდი წელი უვლიდა მას. ემოციური ფონი იმანაც შეგვიმსუბუქა, რომ „ლელიანში“ ჩვენი მომვლელიც გადავიდა და 24 საათის განმავლობაში მის გვერდით იყო. მას შემდეგ, რაც დავინახე, რომ მამა მშვიდად გრძნობდა თავს პროფესიონალების გარემოში, მომენტალურად გაქრა ის მუდმივი შიში და სტრესი, რომელიც ყველას გვქონდა სახლში, განსაკუთრებით – ასაკოვან დედას. „ლელიანის“ თანამშრომლები ყურადღებიანი, გულისხმიერი პროფესიონალები არიან. ჩანს, რომ ეს მათთვის უბრალოდ „სამსახური“ არ არის. თითოეული პაციენტის მიმართ თბილი, ადამიანური დამოკიდებულება აქვთ, ყველას დიდი პატივისცემით ეპყრობიან. იმ პერიოდში მშვიდად ყოფნა ჩემთვის იმის ცოდნას ნიშნავდა, რომ მამაზე პროფესიონალები ზრუნავდნენ. და სიტყვა „ზრუნვა“ აქ უმაღლეს დონეზეა აყვანილი. „ლელიანის“ გუნდს მთელი ოჯახი ვემადლიერებით. თუ თქვენი ოჯახის წევრის ხანდაზმულთა ზრუნვის სახლში დაბინავების აუცილებლობა დადგება, გადაწყვეტილება სიყვარულით მიიღეთ. იფიქრეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანის (პაციენტის) საჭიროებებზე და არა იმაზე, თუ რას იტყვის საზოგადოება, რომელმაც შეიძლება რეალურად არც იცოდეს, რა არის „ლელიანი“. ჩემთვის ესაა ადგილი, სადაც ადამიანმა სიცოცხლის ყველაზე მძიმე ეტაპზეც კი შეიძლება შეინარჩუნოს ღირსება, სიმშვიდე და სითბო“.
profile-image

ვიქტორია უილიამსი

„ლელიანის“ მობინადრე
„ლელიანში“ მას შემდეგ აღმოვჩნდი, რაც ბარძაყის ძვალი მოვიტეხე. მძიმედ ვარ დაშავებული, ამიტომ გამოსაჯანმრთელებლად გარკვეული დრო დამჭირდება. როდესაც რეაბილიტაციისთვის „ლელიანი“ აღმოვაჩინე, დიდი შვება და სიხარული ვიგრძენი. ახლა გაცილებით უკეთ ვარ. იშვიათია ისეთი პერსონალი, როგორიც აქ დამხვდა – საოცრად ყურადღებიანი, კეთილი და მზრუნველი. ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი. დიდი მადლობა“.
profile-image

გიული დანელია

„ლელიანის“ მობინადრე
„შემიძლია ვთქვა, რომ „ლელიანის“ თანამშრომლებივით თბილი, მოსიყვარულე და ყურადღებიანი ცხოვრებაში არავინ შემხვედრია. ნამდვილად ვამბობ. კარგი ადამიანები როგორ არ მინახავს, მაგრამ ესენი ისე გვევლებიან თავს, ისე გვივლიან, მიკვირს. სიყვარული, ზრდილობა, ერთგულება... ერთმანეთიც ისე უყვართ! ერთმანეთსაც ისე სცემენ პატივს, ისე ეხმარებიან გაჭირვებაში, გაოცებული ვარ. სად არ მიმუშავია, მაგრამ ასეთი ურთიერთობა არსად მინახავს. არ ვიცი, ესენი არიან კარგები, თუ მე მეჩვენება“.
profile-image

ნანა დათუნაშვილი

„ლელიანის“ მობინადრის, იოსებ გოგიჩაიშვილის, მეუღლე
„ლელიანში“ ჩემი მეუღლე იწვა. 65 წელი უდიდესი სიყვარულით მოვდიოდით. ვინც გვიცნობდა და ვისაც სმენოდა ჩვენ შესახებ, ყველამ იცოდა ეს ამბავი. სტუდენტობიდან მოყოლებული ერთმანეთისთვის უძვირფასესები ვიყავით და იმ დროს, როცა უგონოდ, გაუნძრევლად იწვა და ვეღარაფერს გრძნობდა, მეც მასთან ერთად ვრჩებოდი აქ. ახლობლები მეკითხებოდნენ, ხომ არ მიჭირდა „ლელიანში“ ყოფნა. მე კი სულ ვამბობდი, რომ აღტაცებული და კმაყოფილი ვიყავი. მაბედნიერებდა ეს გარემო, ეს ხალხი, მათი შემართება. სოსიკო 86 წლის იყო. აღარც გონება უმუშავებდა, აღარც ხელი, აღარც ფეხი და ამ ვითარებაში სულ მაცვიფრებდა აქაური საოცარი პერსონალი. – შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე, ჩემო საყვარელო – კოცნიდნენ, ეფერებოდნენ, ასუფთავებდნენ, პროცედურებს უტარებდნენ. ერთხელ ხუმრობით გამოვაცხადე, მერე რა, რომ 86 წლისაა და უგონოდაა, ჩემი სოსიკოა და არა თქვენი, ვეჭვიანობ მეთქი. აქ ყოფნისას ბევრი დრო მქონდა და სულ ვფიქრობდი, რომ „ლელიანში“ საგანმანათლებლო ექსკურსიები უნდა მოეწყოს. მოიყვანონ მედპერსონალი: ექიმები, მედდები და აჩვენონ, როგორ უნდა დახვდე ავადმყოფს, როგორ უნდა მოუარო, მოეფერო და მისცე სტიმული, რომ გამოკეთდეს. ბევრ საავადმყოფოში მივლია (ასე მომიწია ცხოვრებაში), მაგრამ ამგვარი საოცრება არსად მინახავს. ესთეტიკური, ლამაზად მოწყობილი გარემო, ნახატები, ყველაფერი მაღალი ხარისხის. ყვავილები ყოველდღე იცვლება. ან ეს ავეჯი? აქ რომ ავადმყოფი დაჯდება თავს ამაღლებულად, ბედნიერად იგრძნობს. თან ყოველ წუთს გეკითხებიან: – რა მოგართვათ, რა გნებავთ, რა გესიამოვნებათ... საოცრებების ქვეყანაა „ლელიანი“.